თბილისში, პუშკინის სკვერში შუქრუთელი მოშიმშილეების მხარდამჭერი აქცია იმართება. აქტივისტები, უფლებადამცველები და სხვა მოქალაქეები ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს სოლიდარობას უცხადებენ.
შუქრუთელები უკვე მესამე დღეა, მშრალ შიმშილზე გადავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჭიათურაში წარმოებული სამუშაოები მათ სახლებს აზიანებს, თუმცა კომპანია ზარალს არ ანაზღაურებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოშიმშილე შუქრუთელების მიმართ სახელმწიფო უკანონოდ იქცევა და არ აქცევს ყურადღებას მათ პრობლემებს.
„მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა გამომდინარე იქიდან, რა დღეში არიან შუქრუთის მოსახლეობა. გარემოზე ზიანს რომ თავი დავანებოთ, მათ სახლ-კარს უნგრევენ. სახელმწიფო უკანონობის პარტნიორია, ასე გამოდის.
თვეზე მეტია შიმშილობენ ადამიანები და სახელმწიფო არ იმჩნევს. მოქალაქეები უფრო ემპათიურები უნდა იყვნენ, რომ სახელმწიფომ დაინახოს, საჭიროა შუქრუთელებთან საუბარი. მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა, რომ მეტი ზიანი არ მიადგეს მათ ჯანმრთელობას", - ამბობს მოძრაობა დროას წევრი, თამაზ ახობაძე.
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე 110 დღეა, ყურადღებასა და საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ.
აქციაში მონაწილე შუქრუთელების ნაწილმა პირი ამოიკერა და ამ გზით მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. მოშიმშილეთაგან 5 კაცია, 3 კი ქალი. მოშიმშილეები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ.
მათი თქმით, ჭიათურაში კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების შედეგად სოფელს საძირკველი ეცლება და შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული მათი ნაგებობები ინგრევა, ან უკვე დაინგრა.
30 მაისს შუქრუთელები პროტესტის გამოსახატად ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და აშშ-ს საელჩოსთან დაბანაკდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს მიმართავენ, დაეხმაროს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ხმის მიწვდენაში.
თბილისში აქციის პარალელურად 31 მაისს ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ კომპანია მზადაა, სამხარაულის ბიუროს შეაფასებინოს შუქრუთში მათი საქმიანობით გამოწვეული ზარალი და აუნაზღაუროს მოსახლეობას შესაბამისი თანხით.
- შუქრუთელების პროტესტზე ვრცლად წაიკითხეთ აქ